ალის  ადმინისტრაციული ერთეული  მდინარე ჭერათხევის შუა წელში, ზღვის დონიდან 760 მეტრ სიმაღლეზე, ხაშურიდან 25 კმ. დაშორებით მდებარეობს. ადმინისტრაციულ ერთეულში შემავალის სოფლებია: ალი, ბრილი, ახალუბანი, დუმაცხოვი, ზემო აძვისი, კლდისწყარო, ცხეთიჯვარი, ნაბახტევი, უწლევი, ქინძათი. 

ალი აღმოსავლეთ და დასავლეთ საქართველოს ისტორიულ გზასაყარზე მდებარეობდა და მნიშვნელოვან როლს თამაშობდა ქვეყნის სავაჭრო-ეკონომიკურ ცხოვრებაში, რამაც ხელი შეუწყო მის გაქალაქებას (XI-XII - საუკუნეები). ჩრდილოეთიდან მას იცავდა ალის ციხე, ხოლო სამხრეთიდან — ნაბახტევისა. მონღოლთა ბატონობის პერიოდში ალი დაკნინდა და მცირე ქალაქად იქცა. XVIII საუკუნეში კვლავ დაწინაურდა და ზემო ქართლის ერთ-ერთი მთავარი ქალაქი გახდა. ალი სამეფო ქალაქი იყო და მოურავი განაგებდა. დღემდე, ყოველგვარი არქეოლოგიური გათხრების გარეშე, შემთხვევით აღმოჩენილი საინტერესო მასალა მიგვანიშნებს, რომ ალი უძველესი დროიდან არის დასახლებული. ალის ციხის სამხრეთით არქეოლოგიური გათხრების შედეგად აღმოჩენილია ადრეანტიკური ხანის ვრცელი დასახლება. ვახუშტი ბატონიშვილი ალს მცირე ქალაქს უწოდებს, მისი ადგილმდებარეობისა და ბუნებრივი პირობების შესახებ შემდეგს აღნიშნავს:

„ბრილის წყლის შესართავს ზეით არის ალის წყალზედ, დასავლეთით, კლდესა ზედა ალი, ქალაქი მცირე. გაზაფხულ-შემოდგომას ჭყაპიან-ტალახიანი, ზამთარ ცივი, ზაფხულ ცხელი, არამედ ჰავით კეთილი, მხიარული...”

ალის იმდროინდელ სავაჭრო-ეკონომიკურ ცხოვრებაში, როგორც ჩანს, აქ „მსახლობელნი სომეხნი და ურიანი” აქტიურად იყვნენ ჩართულნი. ქუცნა ამირეჯიბის სიგელის მიხედვით, მათ საქონელი გაჰქონდათ  „აქეთ თბილისამდე და იქით ქუთაისამდე“.  ალი, რომ განვითარებული და გვიანდელი ფეოდალიზმის პერიოდში მნიშვნელოვან სავაჭრო-სააღებმიცემო ურთიერთობებში იყო ჩაბმული საქართველოს სხვადასხვა ქალაქებთან, მეტყველებს აქ აღმოჩენილი რამდენიმე განძი, რომელიც საისტორიო მეცნიერებაში ალის განძის სახელწოდებით არის ცნობილი. ასეთი შემთხვევა სულ სამია ცნობილი. აქედან ერთი განძი დაკარგულია, ხოლო დანარჩენი საქართველოს სახელმწიფო და ხაშურის მხარეთმცოდნეობის მუზეუმებშია დაცული. 1881 წელს გაზეთი დროება წერდა:

„ბევრს ადგილას სახნავ მიწებში პოულობენ ხვნის დროს ქვევრებს და სხვა ძველ ნივთებს. ამასწინათ ერთ მეწისქვილეს ეპოვნა ციხესთან ერთი ქოთანი თეთრი ფული, ნიაღვრით ჩამოეჭამა მიწა და გამოჩენილიყო. ამ ძველმა ფულებმა გაახარეს ურიები, რადგან ადგილობრივმა მამასახლისებმა ყურადღება არ მიაქციეს.“

სოფელ ალში წლების მანძილზე ცხოვრობდა და მოღვაწეობდა გამომგონებელი ვლადიმერ ბექაური, რომლის დაფინანსებითაც აშენდა სოფლის საავადმყოფო.

2012 წლის 12 ოქტომბერს ალში გაიხსნა ღია საჭიდაო მოედანი გაიხსნა, რომელიც 400–ზე მეტ მაყურებელს იტევს. იგი აწ გარდაცვლილი ალელი მოჭიდავის, სამბოში მსოფლიო ჩემპიონის, ასევე სხვადასხვა ტურნირების პრიზიორისა და გამარჯვებულის, ზვიად ნოზაძის სახელს ატარებს. მოედნის  მშენებლობა „ქართუ“ ჯგუფის ფინანსური მხარდაჭერით განხორციელდა.

2017 წელს სოფელ ალში სრულად რეაბილიტირებული საბავშვო ბაღი გაიხსნა. 

სოფელი ალი მდიდარია ეკლესია-მოსანტრებით. ალის ჩრდილოეთით 800 მეტრზე მთის ფერდობზე დგას ეკლესია დედაღვთისა, იგი თარიღდება გვიანდელი ფეოდალური ხანით.  ეკლესიას 2006 წლის, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულების თანახმად, მიენიჭა ეროვნული მნიშვნელობის კულტურის უძრავი ძეგლის კატეგორია.

დედაღვთისას დასავლეთით მდებარეობს ნაქალაქარის კომპლექსი, რომელშიც შემორჩენილია თამარ მეფის სახელობის გუმბათოვანი ეკლესია, უსანეთის ბაზილიკური ეკლესია და სამრეკლო. ნაგებობათა კომპლექსი სტილისტური ნიშნებით თარიღდება XVI-XVII საუკუნეებით. სტილისტური ნიშნებით XVIII საუკუნით თარიღდება სოფლის გარეუბანში მდებარ ჯანიაურების ეკლესია. 

კვირაცხოვლის ეკლესია მდებარეობს სოფლის ცენტრში, თარიღდება 1818-1820 წლებით. 1977 წელს მოსახლეობამ ადგილი შეაკეთა, ხოლო ოთხმოციანი წლების ბოლოს შემოავლეს გალავანი. ეკლესია გუმბათოვანია ნაგებია აგურითა და რიყის ქვით.

 

 

ამჟამად საიტზე

ჩვენ გვყავს 113 სტუმარი და წევრები არ არიან საიტზე