ფლევის ადმინისტრაციული ერთეული შიდა ქართლის ვაკეზე, მდინარე ჭერათხევის (სურამულას მარცხენა შენაკადი) მარცხენა მხარეს, ზღვის დონიდან 800 მეტრზე, ხაშურიდან 21 კილომეტრის დაშორებით მდებარეობს. . 

ადმინისტრაციულ ერთეულში შემავალი სოფლებია: პატარა ფლევი, დიდი ფლევი, ნაცარგორა,  ტკოცა. 

ისტორიულ დოკუმენტებში გვხვდება ახალი და ზემო ფლევი.  თავდაპირველად ფლევი ამირეჯიბების მამული იყო. ქუცნა ამირეჯიბმა იგი ულუმბის ღვთისმშობლის ეკლესიას შესწირა: ,,აქაურის წისქვილისათვის ფლეველთ თითო კოდი პური, თითო კოკა ღვინო სააღაპოდ”. მოგვიანებით იგი ბაგრატიონ-დავითიშვილების მამულია. მათ 1527-1556 წლებში იმერეთის მეფის,  ბაგრატ III-ის ნებართვით და ირანის შაჰის თამაზისაგან მიღებული ოქრო-ვერცხლით სხვა სოფლებთან ერთად შეიძენეს ფლევი. ბაგრატიონ-დავითაშვილები აქ XX საუკუნემდე სახლობდნენ.

დიდ ფლევში მდებარეობს წმ. გიორგის (XIX ს-ის ბოლო), ღვთისმშობლისა (VIII_IX სს.) და წმ. გიორგის (განვითარებული ფეოდალური ხანა) ეკლესიები.

პარატა ფლევში მდებარეობს სამყვირალოს წმინდა გიორგის ეკლესია და ფლევის ღვთისმშობლის ეკლესია.

ნაცარგორა - არქეოლოგიური ძეგლი, მრავალფენიანი ნამოსახლარი და სამაროვანი - სოფელ ნაცარგორის ჩრდილო-დასავლეთით 300 მეტრში მდებარეობს.

ნამოსახლარ ბორცვზე გათხრები დაიწყო 1984 წელს. 1985–1989 წლებში ითხრებოდა ადრებრინჯაოს ხანის ნამოსახლარი და სამაროვანი, პარალელურად გვიანბრინჯაო-ადრერკინის ხანის სამაროვანი. 1990–1992 წლებში ძირითადი საველე სამუშაოები მიმდინარეობდა ანტიკური ხანის სამაროვანზე.

ნამოსახლარ ბორცვზე საველე სამუშაოები დაიწყო ჩრდილო-დასავლეთ სექტორში, სადაც გამოვლინდა გვიანბრინჯაოს ხანის ხუთი, ხოლო დასავლეთის ფერდის გაწმენდისას, ადრებრინჯაოს ხანის ექვსი საამშენებლო ჰორიზონტი. 1986წელს, ნამოსახლარი ბორცვის თავზე, დასავლეთ სექტორში, დამთავრდა გვიანბრინჯაოს ხანის კულტურული ფენის გათხრა და დაიწყო ამავე პერიოდის ფენის შესწავლა აღმოსავლეთ სექტორში. გვიანბრინჯაოს ხანის კულტურულ ფენაზე დაკვირვებიდან გამომდინარე, შეიძლება ითქვას, რომ ცხოვრება აქ იწყება გვიანბრინჯაოს ადრეულ ეტაპზე.

2011-2012 წლებში მიმდინარეობდა ქართულ-იტალიური საერთაშორისო პროექტი „შიდა ქართლის ადრე ბრინჯაოს ხანის ძეგლების შესწავლა“. ექსპედიციას ხელმძღვანელობდა ბიძინა მურვანიძე (საქართველოს ეროვნული მუზეუმის, ოთარ ლორთქიფანიძის არქეოლოგიური კვლევის ცენტრი) და პროფესორი ელენა როვა (ვენეციის კა-ფოსკარის უნივერსიტეტი). 2012 წელს საქართველოს ეროვნული მუზეუმის და ვენეციის კა-ფოსკარის უნივერსიტეტის საერთაშორისო ექსპედიციამ ნაცარგორაში არქეოლოგიური კვლევის შედეგად ძვ. წ. III ათასწლეულის საცხოვრებელი და სამეურნეო კომპლექსი გამოავლინა.

ნაცარგორის ნამოსახლარი ერთ-ერთი პირველია იმ ძეგლებს შორის, რომელზეც დადასტურდა ადრებრინჯაოს ხანის მტკვარ-არაქსული კულტურის, ე.წ. ადრეყორღანული ანუ მარტყოფისა და ბედენური პერიოდის ძეგლების ურთიერთობა. ამ ფაქტის დადასტურება დიდად მნიშვნელოვანია, რადგან ადრებრინჯაოს ხანის იმ ძეგლთა რაოდენობა, სადაც სახეზე გვაქვს ამგვარი თანაარსებობა ძალზე მცირეა.

 

ამჟამად საიტზე

ჩვენ გვყავს 134 სტუმარი და წევრები არ არიან საიტზე