წაღვლის ადმინისტრაციული ერთეული  ხაშურის მუნიციპალიტეტში, ზღვის დონიდან 880 მეტრში, ხაშურიდან 30 კილომეტრში მდებარეობს. ადმინისტრაციულ ერთეულში შემავალი სოფლებია: წაღვლი, კლდისწყარო, ქვემო ბროლოსანი,  ზემო ბროლოსანი, ტიტვინისწყარო, ჩორჩანა, წეღვერი, ყობი. 

წაღვლზე გადიოდა დასავლეთ საქართველოსთან დამაკავშირებელი გზა, რომელსაც მოსახლეობა დღესაც „საიმერლო გზას“ უწოდებს. იგი იწყებოდა სოფელ ქვენატკოცის ხეობაში, აბისზე გავლით გადიოდა სოფელ წაღვლში, იქიდან კი ჩორჩანა-ჭერათხევის გავლით გადადიოდა სოფელ კორბეულში და საჩხერე-ჭიათურაზე გავლით გადადიოდა გელათსა და ქუთაისში. ამ გზას საიმედოდ იცავდა ჯერ კიდევ უძველეს დროში აგებული წაღვლისთავის ოთხგოდოლიანი ბასტიონი. იგი განუახლებია დავით აღმაშენებელის პაპას, ბაგრატ მეოთხეს, მაგრამ როდის არის აგებული იგი, ისტორიული წერილობითი წყაროები ამ საქმეზე სდუმან და საიდუმლოდ ინახავენ წაღვლისათვის ციხის აგების დროსა და ისტორიას.

ციხე აგებული იყო ფლეთილი ქვისაგან კირის დუღაბით, ჰქონდა დატანებული ოთხი გოდოლი, ამ ციხის ნაშთები აღარ არსებობს თუ არ ჩავთვლით შეცემენტებულ, აზელილ კირის გროვებს, როგორც ჩანს მისი განახლება უცდიათ XVII-XVIII საუკუნეებში, მაგრამ გართულებული საშინაო და საგარეო მდგომარეობის გამო განახლება ვეღარ შეძლეს და კირის ხსნარი დარჩა გამოუყენებელი. ციხესიმაგრე დაანგრიეს 30-იან წლებში და დაალაგეს გზებზე, ნაწილი კი მოსახლეობამ გამოიყენა სახლების ასაგებად.

ისტორიული წერილობითი წყაროები წაღვლის შესახებ ღარიბია, იგი პირველად მოხსენიებულია „ქართლის ცხოვრებაში“, დავით აღმაშენებელის ისტორიკოსის მიერ. მძიმე სამეფო სკიპტრა ხვდა წილად დავით აღმაშენებელს, რომლის ზიდვაც ვერ გაბედა დავითის მამამ, მამაცმა მეომარმა, მაგრამ სუსტმა პოლიტიკოსმა გიორგი მეორემ და მან თავისი ხელით დაადგა სამეფო გვირგვინი წაღვლიდან ქუთაისში გადასულ ახალგაზრდა ძეს-დავითს. დავით აღმაშენებელს სოფ. წაღვლში ჰქონდა საზაფხულო რეზიდენცია - წაღვლისთავის ციხესიმაგრე. წაღვლისთავი და წაღვლისთავის ციხესიმაგრე მდემარეობდა დღევანდელი სოფლის დასავლეთით, რომელსაც დღესაც მოსახლეობა „გალავნებს“ უწოდებს. ტოპონიმმა შემოგვინახა რაღაც ნაწილი ისრტორიისა, ასეთი ტოპონიმები კი წაღვლში ბევრია გავრცელებული.

1976 წლიდან სოფელ წაღვლში დაიწყო არქეოლოგიური გათხრები, რომელსაც ხელმძღვანელობდა მეცნიერებათა კანდიდატი ალექსანდრე რამიშვილი, რის შედეგადაც აღმოჩენილია ქვის ხანის და ბრინჯაოს ხანის უამრავი ნივთი, რომელთა დიდი ნაწილიც დაცულია ხაშურის მხარეთმცოდნეობის მუზეუმში.

გარდა არქეოლოგიური ძეგლებისა შემორჩენილია ეკლესიათა ნანგრევები და ფეოდალური ხანისნამოსახლარები. სოფლის ტერიტორიაზე 30-მდე არქეოლოგიური ნამოსახლარია. ესენია რეზოს მიწა, ყვირალა კარი, გოროკო, კვინიკაძეების მიწა, ჩოჩქოლი კარი, გალავნები, ტბები, მიქელაანთ ვერხვები, გიგოს მიწა, ზაქას ტყე, პატარა ლაშე და სხვა მრავალი. ფეოდალური ხანის ნამოსახლარებია: კვინიკაძეების ყორე, ოსანაძის ახო, ხარაულიაანთ სათივე, ცაცხვები, გალავნები, ჩოჩქოლი კარი, ნიკოლოზი, მილიწყარო და სხვა მრავალი. სოფელში შემორჩენილი იყო ბარბაცი კარის, ჩოჩქოლის კარის, წმინდა ნიკოლოზის ეკლესიათა ნანგრევები, რომელთა უმრავლესობა დანგრეული იქნა 30-იან წლებში „ულტრარევოლუციონერების“ მიერ. ძმებმა გიორგი და სვიმონ მიქელაშვილებმა ააშენეს წმინდა ნიკოლოზის ეკლესია, სიმონ კაპანაძემ კი ჩოჩქოლის კარზე სვიმონ მესვეტის სახელობის ეკლესია. აღდგენილია წმინდა გიორგის სახელობის ეკლესია. 

 

ამჟამად საიტზე

ჩვენ გვყავს 107 სტუმარი და წევრები არ არიან საიტზე