წრომის ადმინისტრაციული ერთეული  ხაშურის მუნიციპალიტეტში,  მდინარე მტკვრის მარჯვენა მხარეს,   ზღვის დონიდან 800 მეტრზეა, ხაშურიდან 15 კილომეტრში მდებარეობს. ადმინისტაციულ ერთეულში შემავალი სოფლებია: წრომი, ნადარბაზევი, ახალშენი, იმერლიანთკარი, დიდი ხავლეთი, დიდი ყელეთი, პატარა ყელეთი.  .

წრომი (წრომისაი) ფრინველის სახელია და „ქართული ენის განმარტებითი ლექსიკონის” მიხედვით, „იგივეა რაც ჭოტი”. წრომი ადრინდელ და განვითარებულ ფეოდალურ ხანაში გარკვეულ კულტურულ როლს თამაშობდა ქვეყნის ცხოვრებაში, იგი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი დასახლებული პუნქტია (დაბაა) ქართლის დასავლეთით. ერთ-ერთი დოკუმენტიდან ჩანს, რომ XVIII საუკუნის დასაწყისში აქ 6 კომლი ცხოვრობდა. 1728 წელს წრომში 58 კომლი მოსახლეა, რომლებიც იხდიან ყველა საოსმალო გადასახადს 27 810 ახჩის ოდენობით. განსაკუთრებით, მძიმე აღმოჩნდა წრომისათვის XVIII საუკუნის 30-იანი წლები, როცა ლეკიანობის შედეგად სოფელი მთლიანად მოიშალა. მხოლოდ XVIII საუკუნის 60-70-იან წლებიდან იწყება წრომის ხელმეორედ დასახლება. ამ მხარის თავადებს - ციციშვილებს, სამეფო კარის ხელშეწყობით ჯავახეთიდან გადმოჰყავთ მოსახლეობა და ასახლებენ გაუკაცრიელებულ სოფლებში, მათ შორის წრომშიც. ეს პროცესი გრძელდება XIX საუკუნეშიც. 

წრომში რამდენიმე არქეოლოგიური ძეგლია, კერძოდ, ნამოსახლარები, რომლებიც გვიანდელი ფეოდალური ხანით თარიღდებიან. აქვეა აღმოჩენილი სამეთუნეო სახელოსნოც, რომელიც გვიანბრინჯაოს ხანით თარიღდება. აღმოჩენილია სამეთუნეო ქურის ნაშთი, ნახშირის გროვები და წითლად გამომწვარი უხეშკეციანი თიხის ჭურჭლის ფრაგმენტები. სერიოზულ არქეოლოგიურ გათხრებს წრომში ადგილი არ ჰქონია. 

წრომში  მდებარეობს შესანიშნავი ხუროთმოძღვრული ძეგლი, რომელიც მაცხოვრის სახელზეა აგებული და თარიღდება 626-634/635 წლებით.

ჯერ კიდევ IV საუკუნეში წრომში ყოფილა საკმაოდ მნიშვნელოვანი ეკლესია, სადაც მემატიანის გადმოცემით, 457 წელს, აგვისტოში, წამებით მოუკლავთ რაჟდენი, რომელმაც ვახტანგ გორგასლის დროს ქრისტიანობა მიიღო. ამ ძველი ეკლესიის ნანგრევებზე, როგორც აკადემიკოსი გ. ჩუბინიშვილი აღნიშნავს, 626-63 წლებში ერისმთავარ სტეფანოზ II-ს აუგია წრომის დღევანდელი გუმბათიანი ტაძარი. წრომის ტაძარი 626-634 წლებში, ერისმთავარ სტეფანოზ II-ის დაკვეთით აიგო. ტაძარი რამდენჯერმე დაზიანდა და გადაკეთდა: XI და XII საუკუნეებს შორის და XVI-XVII საუკუნეებში. 1731 წლის 24 სექტემბერს ლეკთა შემოსევის დროს დაინგრა გალავანი. 

1940 წლის 8 მაისის მიწისძვრამ ძალზე დააზიანა ტაძარი: დაინგრა გუმბათი, გუმბათქვეშა კვადრატის კედლები, ნართექსისა და დასავლეთ-სამხრეთ მკლავების ცილინდრული თაღების დიდი ნაწილი, გადაიხარა დასავლეთის კედელი. 1949, 1959, 1974-75 წლებში ჩატარებულმა სარესტავრაციო სამუშაოებმა ტაძარს პირვანდელი სახე დაუბრუნა.

წრომის ტაძარი ჯვარ–გუმბათოვანი ნაგებობაა (25,6X19,85 მ), დგას ორ სამსაფეხურიან ცოკოლზე. ნაშენია კარგად გათლილი ქვიშაქვის კვადრებით (ნაწილობრივ გამოყენებულია მუქი ნაცრისფერი და მოყვითალო პორფირი). წყობა მწყობრად ჰორიზონტალურია. ტაძარს სამი შესასვლელი აქვს დასავლეთიდან, ჩრდილოეთიდან და სამხრეთიდან. 

გუმბათი ეყრდნობა ცენტრალურ სივრცეში მოთავსებულ ოთხ ცალკე მდგომ ბურჯს. კვადრატული სივრციდან გუმბათის ყელზე გადასვლა ხდება ტრომპების მეშვეობით. ინტერიერში გამოკვეთილია სიგრძივი ღერძი. დასავლეთით მოთავსებულია პატრონიკე. პატრონიკე თავდაპირველად საზოგადოების მაღალი წრის წარმომადგენელთათვის იყო განკუთვნილი, მოგვიანებით კი — მგალობელთა, მუსიკოსთა და ორღანისთვის.

პატრონიკეს ქვეშ არის წაგრძელებული ნართექსი (ქრისტიანულ ტაძარში დასავლეთით მოთავსებული სადგომი, რომელიც განკუთვნილი იყო მათთვის, ვისაც მლოცველთა მთავარ სივრცეში შესვლის უფლება არ ჰქონდა. ძირითადად –კათაკმეველებისთვის (მოუნათლავებისთვის)), რომლის შუა ნაწილი გადახურულია ცილინდრული კამარით, ხოლო გვერდითები – ჯვრული კამარით. სამხრეთ–დასავლეთით იყო საქალებო. საკურთხევლის ორსავ მხარეს მდებარე ოთახებში სადიაკვნე და სამკვეთლო.

განათების მთავარი წყარო გუმბათის ყელში გაჭრილი ოთხი და მკლავებში გაჭრილი თითო დიდი სარკმელია, რასაც რამდენიმე მრგვალი სარკმელიც ემატება.

ფასადები სადაა, მოურთავი, რაც მკაცრ მონუმენტურ იერს აძლევს. აღმოსავლეთი ფასადი სამნაწილიანია, კედელში ამოკვეთილი ორი სამკუთხა ნიში კონსტრუქციული დანიშნულებისა (გამონათავისუფლებულია კედელი ზედმეტი მასებისგან. ეს ელემენტი მოგვიანებით დამკვიდრდა როგორც დეკორატიული ელემენტი) და საკურთხევლის სარკმლის ნიშა, რომელიც ერთმანეთთან სამი თაღით არის დაკავშირებული. მოურთავ ფასადებზე რამდენიმე ადგილას არის რელიეფური ჯვრის გამოსახულება. სამხრეთ ფასადზე შუა სარკმლის მარცხნივ ასომთავრული წარწერაა რომელშიც მოხსენიებულია ქართლის ერისმთავარი სტეფანოზ II ადარნასეს ძე.

საკურთხევლის კონქი შემკული იყო მოზაიკით (VII საუკუნის I ნახევარი), რომლის უმეტესი ნაწილი დღეს განადგურებულია. გადარჩენილი ფრაგმენტები საქართველოს ხელოვნების მუზეუმშია გადატანილი. დღეს საკურთხეველში მხოლოდ მოსამზადებელი ნახატის კონტურებია დარჩენილი. წარმოდგენილი იყო „ქრისტრეს დიდების“ კომპოზიცია. მეორე რეგისტრში მოციქულთა ფიგურების ფრაგმენტებია შემორჩენილი. საკურთხევლის სარკმლის თაღში – სამი მედალიონია, ცენტრალურ მედალიონში ჯვარია გამოსახული. ქვემოთ ორნამენტული ზოლი გასდევს აკანთის ფოთლების მოტივით. კოლორიტი მოცისფრო–ფირუზი ფერის, სისანისფერის, მოყვითალო და მოვარდისფრო ფერების შეხამებაზეა აგებული. ტაძრის დანარჩენი ნაწილი მოუხატავი იყო.

 

 

ამჟამად საიტზე

ჩვენ გვყავს 470 სტუმარი და წევრები არ არიან საიტზე